logo
ENG



"ოცნება” ფორმულასთან ბოიკოტის რეჟიმში რჩება - მიმართვა ხელისუფლებას

29 ივნ 202121:05
3 წუთის საკითხავი
 

ქართულმა ოცნებამ, რამდენიმეკვირიანი ფიქრის შემდეგ უარი თქვა, კითხვებს პასუხი ფორმულას ეთერში გასცეს. 

პოლიტმეტრის წამყვანმა, ვახო სანაიამ ხელისუფლებას ეთერიდან მიმართა: 

ვახო სანაია:

ქართული ოცნების უპასუხისმგებლო მედიაპოლიტიკა გრძელდება.

რამდენიმეკვირიანი ფიქრის შემდეგ მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, ფორმულასთან ურთიერთობა კვლავ ბოიკოტის რეჟიმში გააგრძელოს.

ჩვენი არხი ის საერთო მაუწყებელია, სადაც ხელისუფლება სტუმრად მოსვლას არ აპირებს და დისკრიმინაციულ მიდგომას ირჩევს. ბოიკოტი კრიტიკული არხების მიმართ დიდი ხანია, ოცნებამ წესად აქცია. 

ბოლო პერიოდში კი ეს პრაქტიკა ნაწილობრივ შეცვალა, მაგრამ ფორმულას ეთერში მოსვლაზე კვლავ უარია. ხელისუფლებას არა აქვს არგუმენტები, უარი ჟურნალისტური სტანდარტების და სხვა მსგავსი საბაბით დაასაბუთოს.

გარდა ამისა, არხზე არა ერთი ტოკ შოუ და წამყვანია, სივრცე მრაფალფეროვანია, რედაქციაში ფასეულობების გარშემო გაერთიანებული სხვადასხვა სტილის მქონე ჟურნალისტი. 

ნებისმიერი მზადაა გიმასპინძლოთ.

საინტერესოა, როგორ აიხსნება შიში, ვინ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება და რატომ მაინცდამაინც ფორმულა.

პარტიაში არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, უფრო მეტიც, მაღალი თანამდებობის პირები მზად იყვნენ მონაწილეობა მიეღოთ გადაცემებში, მაგრამ ისინი ლამის გზიდან მიაბრუნეს.

ფაქტია, ვიღაც ძალიან უფრთხის ფორმულაზე მოსვლას, ვიღაცას ძალიან არ მოსდის თვალში ჩვენი არხი.

ცხადია, ჩვენი კარი კვლავაც ღიაა ქართული ოცნებისთვის, მაგრამ ჩვენ აქ დავხვდებით როგორც კრიტიკული ჟურნალისტები პოლიტიკოსებს.

აქვე მკაფიოდ გეტყვით - ვერ დაგპირდებით კომფორტულ გარემოს, მედიასტანდარტების სრული დაცვით დაგისვამთ შეკითხვებს, მაგრამ მწვავე შეკითხვებს. თქვენ ვალდებული ხართ პატივი სცეთ მაყურებელს და იაროთ ეთერებში. თქვენ კი არ ირჩევთ მედიასაშუალებებს - მედიასაშუალებები ირჩევენ, ვისთანაც აქვთ შეკითხვები, რომელზე პასუხები არა მხოლოდ ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებას აინტერესებს, ამ ქვეყნის მოქალაქეებს.

პოლიტიკოსებს უნდა შეეძლოთ, გაუძლონ კრიტიკულ შეკითხვებს. ეს მათი ვალდებულებაა. ეთერზე უარი თქვენს სისუსტეზე მიუთითებს. წარსულში, როდესაც აკრიტიკებდით ტელევიზიებს და ითხოვდით ეთერში გამოჩენას, აკრიტიკებდით სრულიად სამართლიანად ყოფილი ხელისუფლების დროინდელ მედიაპოლიტიკას, ახლა ზუსტად იმავეს აკეთებთ და, სხვათა შორის, უფრო ხანგრძლივად.

თქვენ არა მხოლოდ იგივე შეცდომა მოგდით, არამედ კიდევ უფრო მეტად უწყობთ ხელს პოლარიზებას, ჩვენი საზოგადოების დაყოფას, ვითარების ხელოვნურ დაძაბვას და გავიმეორებთ, ამას აკეთებთ უფრო ხანგრძლივად. 

ფორმულა ამ ეთერითაც და სხვა საშუალებებითაც ხმას მიაწვდის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ხელისუფლების დისკრიმინაციული მიდგომის შესახებ.

ჩვენ არ ვაპირებთ, რეაგირების გარეშე დავტოვოთ ქართული ოცნების გადაწყვეტილება. ჩვენ ვიცით, რომ პარტიაში იყო აზრთა სხვადასხვაობა ბოიკოტთან დაკავშირებით.

ახლა სწორედ იმ ჯგუფს მოუწევს თავის მართლება დიპლომატიური კორპუსის წინაშე, რომელიც მომხრე იყო ფორმულაზე მოსულიყო, მაგრამ სხვამ ამის უფლება არ მისცა. არადა, მაღალი თანამდებობის პირებს ეთერში მისვლის გადაწყვეტილების მიღების ძალა მაინც უნდა ჰქონდეთ.

ასევე სრულიად გაუგებარია, რას ნიშნავს პარტიული გადაწყვეტილება ბოიკოტის შესახებ. მსგავსი პრაქტიკა არც ერთ ცივილიზებულ სახელმწიფოში არ არსებობს. შეგახსენებთ, ხელისუფლება ვალდებულია ხალხის წინაშე.  


close დახურვა